კარგად მახსოვს, როდის გავიღე სისხლი პირველად. ეს 15 წლის წინ მოხდა. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჩვენს ჰოსპიტალში იწვა, სისხლის გადასხმა სასწრაფოდ საჭიროებდა. მისი სიცოცხლე მხოლოდ ამაზე იყო დამოკიდებული.
შემდეგ იყო 2008 წელი, აგვისტოს ომი… ჩვენს ჰოსპიტალში დაჭრილები სამხედროები მოჰყავდათ. კარგად მახსოვს ის ემოციები. მინდოდა, სისხლის დონაციით მეც შემეტანა წვლილი ჩემი ქვეყნისა და ჯარისკაცების დაცვაში.
ალბათ, ადამიანის გადარჩენაში საკუთარი წვლილის შეტანის შედეგად მიღებულმა სიხარულმა განაპირობა სისხლის დონაციის უწყვეტი სურვილი ჩემში. მე დღესაც სისხლის აქტიური დონორი ვარ.
დონორობა უსაფრთხო და მადლიანი საქმეა. სისხლის გაღება ერთგვარი პასუხისმგებლობა მგონია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავად ჯანმრთელია და შეუძლია, სხვას დაეხმაროს სიცოცხლის გადარჩენაში.