სტატიები

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე, რომელიც უკვე 30 წელია სისხლის აქტიური დონორია

17 წლიდან სისხლს აბარებს. დონაციის 30-წლიანი პრაქტიკა აქვს და კარგად ახსოვს ის სულისკვეთებაც, რომელმაც სისხლის უანგაროდ გაღება პირველად გადააწყვეტინა.

1991 წელი იყო, „თბილისის ომი“ და მასაც, როგორც ბევრ ახალგაზრდას, ძმათამკვლელ ბრძოლაში ჩართვა არ სურდა, თუმცა არც უმოქმედოდ უნდოდა ყოფნა. სამოქალაქო დაპირისპირების ორივე მხარეს ქართველები იდგნენ, მისი თანამემამულეები.

ამიტომ გადაწყვიტა, წვლილი შეეტანა დაჭრილი მებრძოლების გადარჩენაში. სწორედ მაშინ მივიდა 17 წლის ნიკოლოზ ვაშაყმაძე სისხლის ბანკში და ექთნებს სრულწლოვნად წარუდგინა თავი.

თბილისის ომი გახდა პირველი იმპულსის მიმცემი, გამხდარიყო დონორი და სისხლის უანგარო გაღება მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მით უმეტეს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა პროფესიადაც აირჩია და მედიცინას მიჰყო ხელი… მწარე გამოცდილება მიიღო სამედიცინო უნივერსიტეტშიც: მეორე კურსზე დაკარგა კურსელი და მეგობარი, რომლის გარდაცვალების მიზეზიც სწორედ სისხლის კონსერვების დეფიციტი გახლდათ ქვეყანაში.

დღეს უკვე დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელი ადამიანების ჯანმრთელობას არა მხოლოდ კარდიოქირურგის ამპლუაში ემსახურება – ის მუდმივად არის მზად, გაიღოს სისხლი უანგაროდ და შეიტანოს წვლილი კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენაში.